თეგი: მრავალეროვნული სწავლება

საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას - „ღირსეული პარტნიორი“ უკვე მეექვსედ უმასპინძლებს

საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას „ღირსეული პარტნიორი“ უკვე მეექვსედ უმასპინძლებს. ამასთან დაკავშირებით, არმიჰოლში საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების შესახებ პრეზენტაცია თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა - „ღირსეული პარტნიორი 2022“-ის ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ წარადგინა. მან სწავლების მიზანსა და ამოცანებზე ისაუბრა და საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის მრავალეროვნულ სწავლებებში მონაწილეობის მნიშვნელობასა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე გაამახვილა ყურადღება. ბრიფინგზე დასასწრებად არმიჰოლში თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მისი მოადგილეები, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, სწავლებაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ატაშეები და ნატოს ძირითადი ჯგუფის უცხოელი ექსპერტები შეიკრიბნენ. „ღირსეული პარტნიორი 2022“-ის მიზანია საქართველოს, აშშ-ის, რეგიონულ პარტნიორებსა და მოკავშირე ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდა შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის. სწავლების ისტორიაში წელს პირველად მიიღებენ მონაწილეობას იაპონიისა და შვედეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები. მრავალეროვნული სწავლებაში 2400-ზე მეტი სამხედროა ჩართული. წლევანდელი მრავალეროვნული წვრთნების მონაწილეები არიან: საქართველო, აშშ, ბულგარეთი, რუმინეთი, მოლდოვა, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, ნორვეგია, უნგრეთი, ლიეტუვა, აზერბაიჯანი, გერმანია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ესტონეთი, პოლონეთი, იაპონია, ლიეტუვა-პოლონეთი-უკრაინის მრავალეროვნული ბრიგადა და შვედეთის შეიარაღებული ძალები.  

საქართველოს თავდაცვის ძალებმა მრავალეროვნული სწავლებისთვის - Agile Spirit 2023 მზადება დაიწყო

საქართველოს თავდაცვის ძალებმა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობასთან ერთად მრავალეროვნული სწავლებისთვის - Agile Spirit 2023 მზადება უკვე დაიწყო. სწავლების საწყისი დაგეგმვის კონფერენცია ერთი კვირის განმავლობაში სასტუმრო „პულმონში“ გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა უცხოელ პარტნიორებთან სწავლების აღსრულების ფაზის თარიღებსა და საწვრთნელ არეალზე, მასში მონაწილე ქვეყნებსა და ქვედანაყოფებზე, ტაქტიკურ დონეზე სასწავლო მიზნებსა და ამოცანებზე იმსჯელეს. დეტალები შემდეგში დაგეგმილ მთავარ და საბოლოო დაგეგმვის კონფერენციებზე უცხოელ პარტნიორებთან შეჯერდება. Agile Spirit 2023 ზაფხულში ჩატარდება. მრავალეროვნულ სწავლებას საქართველო უკვე მე-11 უმასპინძლებს და მას კვლავ თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა უხელმძღვანელებს.